ავტორიზაცია
ხანგრძლივი სტრესის გავლენა ინდივიდის აგრესიულობაზე
ავტორი: ზურაბ ქუჩუკაშვილითანაავტორები: ნანა კოშორიძე, ლილი ლეკიაშვილი, ქეთევან მენაბდე, მატრონა ჩაჩუა
ანოტაცია:
სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც გულისხმობს ორგანიზმზე ნებისმიერი სახის ემოციური განცდის ზემოქმედებას, რასაც თან ახლავს გარკვეული ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური და და ქცევითი ცვლილებები. იგი არის მუდამ ზრდადი ყოველდღიური დაძაბულობა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სიმპტომი გახდა. ჩვენი თემის მიზანი იყო ბუნებრივად აგრესიულ (მკვლელი) და არააგრესიულ ინდივიდებში ფსიქო–ემოციური სტრესის ფონზე განვითარებული ბიოქიმიური მექანიზმის ძიება და ამ პროცესის კრეატინით შესაძლო პრევენცია. ასევე სტრეს–ფაქტორების კერძოდ, სოციალური იზოლაციით და დღე-ღამური რიტმის დარღვევით გამოწვეული სტრესის, ზემოქმედების შესწავლა აგრესიულ ქცევაზე და ამ პროცესში კრეატინკინაზული სისტემის მნიშვნელობის დადგენა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, დასახული იყო ამოცანები - ბუნებრივად აგრესიულ (მკვლელი) და არააგრესიულ ინდივიდებში ფსიქო–ემოციური სტრესის ფონზე კრეატინკინაზული და ანტიოქსიდანტური სისტემების მოქმედების ბიოქიმიური მექანიზმების შესწავლა და ამ პროცესში კრეატინის შესაძლო პროტექტორული როლის დადგენა. ჩვენი კვლევებით ნაჩვენებია კორელაცია ვირთაგვას თავის ტვინში კრეატინკინაზული სისტემის ფუნქციონირებასა და იზოლაციითა და დღე-ღამური რიტმის დარღვევით გამოწვეულ ქრონიკულ სტრესს შორის. ექსპერიმენტულად ნაჩვენებია, რომ აღნიშნული სტრესის შედეგად ადგილი აქვს თავის ტვინში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შემცირებას, რაც გამოიხატება ამ პროცესში მონაწილე ფერმენტების Cr/CK/PCr სისტემის აქტივობის დაქვეითებით. ჩვენს მიერ მიღებული მონაცემებით, ორგანიზმის იზოლირება და ცირკადული რითმის დარღვევა მნიშვნელოვნად აქვეითებს ლაბორატორიული ვირთაგვას თავის ტვინში კრეატინკინაზულ აქტივობას, როგორც აგრესიულ ისე არა აგრესიულ ინდივიდებში, რაც გამოიხატება მიტოქონდრიაში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ინტენსივობის ცვლილებით, პროოქსიდანტული სისტემების ინტენსიფიკაციაში და ანტიოქსიდანტური სისტემის დაქვეითებაში. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, რადგან ყოველდღიური სტრესი ამცირებს შრომისნაყოფიერებას, ზემოქმედებს ადამიანთა აგრესიულობაზე, რომელიც თავის მხრივ კავშირშია მეტაბოლურ პროცესებთან. ამდენად, მეტაბოლური პროცესების ნორმალიზება დადებითად უნდა აისახოს სტრესით ინდუცირებული შრომისნაყოფიერების შემცირებაზე. ამასთან, მიღებული მონაცემები იძლევა საშუალებას თავიდან იქნას აცილებული იმ მეტაბოლური პროცესების დარღვევები, რაც ქრონიკული ფსიქო-ემოციური სტრესისთვის არის დამახასიათებელი. ამასთან, თავიდან იქნას აცილებული მრავალი უარყოფითი ხასიათის მოვლენა, რომელიც თან ახლავს სტრესს და უარყოფითად აისახება საზოგადოების განვითარებაზე, როგორიცაა სტრესთან დაკავშირებული დაავადებები, რომელთათვისაც სტრესი წარმოადგენს რისკ-ფაქტორს; მიღებული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოქიმიის განვითარებისათვის, რადგან ის წარმოადგენს ბიოქიმიური მექანიზმების გარკვევას; პროცესის პრევენციის მექანიზმისა და საშუალებების ძიებას, რაც პერსპექტივაში სამკურნალო – პროფილაქტიკური საშუალების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ის ასევე მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიისა და სტრესის ბიოქიმიის განვითარებისათვის. ამდენად, მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია როგორც ფუნდამენტური კვლევევისათვის, ასევე მას გააჩნია პრაქტიკული ღირებულებებიც მთელი რიგი სფეროებისათვის, მაგალითად, პენიტენციალური სისტემისათვის, სადაც შესაძლებელი იქნება პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესება და პატიმრობის შემდგომი აგრესიულობის მეტნაკლებად თავიდან აცილებია; ინდივიდებისათვის რომლებიც ეწევიან“კარჩაკეტილ” ცხოვრებას.