ავტორიზაცია
საკუთრივ ხმელთაშუაზღვიური ფსილიდოფაუნის (Hemiptera: Psylloidea) ინფილტრაცია კავკასიაში და მისი ისტორიული მიზეზები
ავტორი: არნოლდ გეგეჭკორისაკვანძო სიტყვები: ხმელთაშუა ზღვის რეგიონები, კავკასია, ფსილიდოფაუნა, ფაუნის ინფილტრაცია.
ანოტაცია:
• ზოგიერთი ავტორის ზოოგეოგრაფიული (ბიოგეოგრაფიული) კლასიფიკაციით კავკასიის ფაუნა მიეკუთვნება პალეარქტიკის სამეფოს ხმელთაშუაზღვიურ ქვესამეფოს (უოლესი, 1986, მენზბირი, 1882, კრიჟანოვსკი, 1965 და სხვ.). ჩვვენი კვლევებით ეს შეხედულება არამართებულია როგორც ფიტოგეოგრაფიული, ისე ზოოგეოგრაფიული თვალსაზრისით. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ბიოტის (ადგილობრივი სუბტროპიკები) ინდიკატორად გვევლინება მაკვისის მარადმწვანე ფლორა. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში, სამხრეთ კავკასიის რეფუგიუმის ორ რაიონში - აფხაზეთსა და აჭარაში მაკვისის მცენარეულობის მხოლოდ ძალიან ღარიბი, დერივატული ფორმები გადაურჩა პლიოცენის ძირეულ კლიმატურ ცვლილებებს (უწინარესად, ხმელთაშუა ზღვის მესინური კრიზისი). • ზემოთ დასახელებული პრობლემის გადასაწყვეტად ავტორმა გამოიყენა უხერხემლო ცხოველთა ერთი ჯგუფი - ფსილიდოფაუნა. ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია კაპიტალურ მონოგრაფიაში - ,,კავკასიის ფსილიდოფაუნა“ (გეგეჭკორი, 1984) და გაკეთებულია სათანადო მოხსენებები საერთაშორისო კონგრესებზე. კავკასია გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის. არატროპიკულ ევრაზიაში - პალეარქტიკაში - ეს რეგიონი ფსილიდოფაუნის კვლევის თვალსაზრისით, ავტორის მიერ ყველაზე კარგად არის შესწავლილი. (Burckhardt & Onucar, 1993, Burckhardt & Lauterer 1993). • ხმელთაშუაზღვეთის რეგიონების ბიოტის ინდიკატორულ ჯგუფს მცენარეული საფარიდან წარმოადგენს ზეთისხილი Olea europae (Oliaceae) და ხემარწყვა Arbutus spp. (Ericaceae). ფსილიდოფაუნაში მსგავსს ინდიკატორულ ჯგუფს წარმოადგენს ტრიბა Arytainini (Psyllidae) და ზოგიერთი გვარი ოჯახ Arytainini (Psyllidae) -დან (Euphyllura Foerster, Strophingia Enderl.. და ა.შ.). • ამჟამად საკუთრივ ხმელთაშუაზღვეთის ფსილიდოფაუნის 100-მდე სახეობაა ცნობილი. კავკასიაში გამოვლენილი ფსილიდების 212 სახეობიდან საკუთრივ ხმელთაშუაზღვიურ სახეობას მიეკუთვნება ტრიბა Arytainini-ის ერთადერთი სახეობა - Livilla cognata Aulm (მკვებავი მცენარეა კურდღლისცოცხა - Chamaecytisus caucasica). ეს სახეობა, განსხვავებით მკვებავი მცენარისაგან, ფრიად ლოკალურად შემოდის მეზობელი მცირე აზიიდან მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთი). ეს ფაქტი საკუთრივ ხმელთაშუაზღვიური, სპეციფიკური ფსილიდოფაუნის ინფილტრაცის საუკეთესო მაგალითია კავკასიაში (გეგეჭკორი, 1984, 1985, 2004). • ფსილიდოფაუნის შედარებითი ანალიზის საფუძველზე ხმელთაშუაზღვის რეგიონებსა და კავკასიას შორის დადგენილია საკუთრივ ხმელთაშუაზღვის (აპენინები, პირინეები, ბალკანეთის ნახევარკუნძული, მცირე აზია, კანარისა და აზორის კუნძულები) ფაუნის ინფილტრაციის პალეოგეოგრაფიული და პალეოკლიმატური მიზეზები. ამ მიზეზებში უწინარესად იგულისხმება ხმელთაშუაზღვიური, მშრალზაფხულიანი კლიმატის შეცვლა ტენიანი კლიმატით. ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა შედარებით მცირეტენიანი (400-800მმ) გარემოს მოყვარული ორგანიზმების ამოწყვეტის ან რელიქტურ მდგომარეობაში გადასვლისა. მსგვასი ანალიზი ავტორს შესაძლებლობას აძლევს გააკეთოს კავკასიის მართებული ზოოგეოგრაფიული (ბიოგეოგრაფიული) რეგიონალიზაცია. ამ რეგიონის ბიოტა მიეკუთვნება ევროპა-ციმბირისა და ირან-თურანის ზოოგეოგრაფიულ ოლქებს. • 2000-იანი წლებიდან განსაკუთრებით ძირეულად იქნა შესწავლილი ხმელთაშუაზღვეთის სუბრეგიონი კანარისა და აზორის კუნძულების სახით (Percy, 2001,2003), რამაც საკმაოდ შეცვალა საკუთრივ ხმელთაშუაზღვეთის ფსილიდოფაუნის სპექტრი ამ არქიპელაგების სასარგებლოდ და გაამყარა ჩვენი შეხედულება მაკვისის თანამდევ ფსილიდოფაუნის წარმოშობის ცენტრსა და მისი ინფილტრაციის პროცესებზე ხმელთაშუაზღვეთის მოსაზღვრე ან პერიფერიულ რეგიონებში. • ცარცულ პერიოდში (136-65 მლნ წწ.) დედამიწის ორი ზეკონტინენტის - ლავრაზიისა და გონდვანის დაშლის შედეგად ევროპას დაშორდა ჩრდილოეთი ამერიკა, მათ შორის წარმოიქმნა ახალი - ატლანტის ოკეანე. ამ პალეოგეოგრაფიულმა მოვლენამ გამოიწვია ცარცულ პერიოდში ერთი მთლიანი ევროამერიკის ბიოტის დაყოფა ანუ მაკროდიზუნქცია. ეს ბიოგეოგრაფიული პროცესი აისახა მაკვისის ტიპის ბიომზე ჩრდილოეთ ამერიკაში, ზაფხულმშრალი კლიმატის მქონე ეკოსისტემა შემორჩა მხოლოდ კალიფორნიაში. ამ ნახევარკუნძულზე, ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად, წარმოიქმნა ხმელთაშუაზღვიური მაკვისის ტიპის მეორადი, საკუთრივ ხმელთაშუაზღვეთთან შედარებით უფრო წარმატებული ცენტრი. ამ უკანასკნელში, ადაპტური ევოლუციის შედეგად ოჯახ Ericaceae-ში წარმოიშვა გაცილებით მრავალრიცხოვანი სახეობები გვარებიდან - Arbutus, Arctostaphylos. მკვებავი მცენარეების სათანადო ადაპტური რადიაცია აისახა ფსილიდოფაუნაზეც, სახელდობრ, წარმოიშვა ახალი ნეარქტიკული გვარი - Neophyllura Log. ამჟამად ეს გვარი ვიკარირებს საკუთრივ ხმელთაშუაზღვეთისბ გვარ - Euphyllura Foerster- თან.