ka | en
Company Slogan TODO

ოქროს მინერალიზაციის საკითხები თუშეთის რეგიონში (ილიურთის მადანგამოვლინების მაგალითზე)

ავტორი: კარლო აქიმიძე
საკვანძო სიტყვები: ოქრო, ზონა, მინერალიზაცია
ანოტაცია:

თუშეთი საქართველოს ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მოიცავს დაახლოებით 1000 კმ2 ფართობს.ეს არის საქართველოს ძირძველი, ულამაზესი კუთხე, რომელიც არქეოლოგიური მასალებისა და ისტორიული წყაროების მონაცემებით, ძველი წელთაღრიცხვის მიწურულიდან მოყოლებული, ვიდრე საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგენდა(1801 წელს ამ ტერიტორიაზე 48 სოფელია აღრიცხული, რომელშიც 1019 კომლია დაფიქსირებული). შემდეგ ეს მხარე მოსახლეობისგან თანდითანობით დაიცალა. თუშეთი, ისევე როგორც საქართველოს მთიანეთი და არამარტო მთიანეთი, ბოლო ათწლეულებში კატასტროფული სიჩქარით იცლება მოსახლეობისაგან. ამის ერთ–ერთი და უმთავრესი მიზეზი ადგილზე მოსახლეობის დაუსაქმებლობაა. სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო ხელისუფლების ძალისხმევა –– მრეწველობისა და საერთოდ ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება. გეოლოგებს შეუძლიათ წიაღისეულის ახალი ბუდობების აღმოჩენით ამ დიდი პრობლემის გადაწყვეტაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. საქართველოში ბოლო წლებში გამოვლენილი წიაღისეულიდან უპირველესი მნიშვნელობა ოქროს ენიჭება, რომლის ფასი მსოფლიო ბაზარზე განუხრელად იზრდება. ოქროს მოპოვება და ახალი საბადოების ძებნა-ძიება ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ბოლნისის მადნიან რაიონში. დამაიმედებელია შესწავლის შედეგები რიგ სხვა რაიონებშიც. ოქროს გამადნების საკითხები დღემდე შეუსწავლელია თუშეთის ტერიტორია. არსებული მონაცემებით, ამ რეგიონის ლითოსტრატიგრაფიული პოზიცია, მაგმატიზმი და ძარღვული სპილენძ–პოლიმეტალური მინერალიზაცია ხელსაყრელია ოქროს მეტად პერსპექტიული– მცირე სულფიდური ძარღვული კვარცის ოქროს ტიპის მადნების ფორმირებისთვის. ამასთან აქამდე შესწავლილი არ არის, არის თუ არა რეგიონში გამოვლენილი 100–ზე მეტი კვარც–სულფიდური მადნიანი წერტილის მომცემი ჰიდროთერმი ოქროს მინერალიზაციის მატარებელი. გასულწელს, თუშეთში, ილიურთის უბანზე, თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ექსპედიციის მიერ (ასოც. პროფ. კ. აქიმიძე, სტუდენტი ლუკა ძიმისტარიშვილი) შესრულებული სამუშაოები სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობას წარმოადგენდა. დეტალურად იქნა შესწავლილი უბნის გეოლოგია, მინერალიზებული ზონები, რომლებიდანაც აღებული იქნა 20 წერტილოვანი ღარული სინჯი. ამათგან 12 სინჯი გაანალიზდა მადნეულის ლაბორატორიაში AAS ხელსაწყოზე, AU-AR მეთოდით. მართალია ოქროს შემცველობა (0.01-0.54გ/ტ) გაანალიზებულ სინჯებში შორსაა სამრეწველო მნიშვნელობებისაგან, მაგრამ ყველა სინჯში დაფიქსირდა ოქროს არსებობა. შესაბამისად, დადგინდა რომ ილიურთის უბანზე მინერალიზებული ზონების მომცემი ჰიდროთერმები ოქროს მატარებელია და მათ, ხელშემწყობი გეოლოგიური ნამძღვრების პირობებში, შეეძლოთ საბადოების ფორმირება. რაც რეგიონის პერსპექტიულობის მაჩვენებელია და მის შემდგომ შესწავლის საჭიროებას ადასტურებს.


მიმაგრებული ფაილები:

ოქროს მინერალიზაციის საკითხები თუშეთის რეგიონში (ილიურთის მადანგამოვლინების მაგალითზე) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com