ავტორიზაცია
ნაწილაკთა ელექტრული დიპოლური მომენტის კვლევა და ნუკლონ-ნუკლონური დრეკადი გაბნევის ამპლიტუდის ყოფაქცევის შესწავლა იულიხის COSY ამაჩქარებელზე.
ავტორი: მირიან ტაბიძეთანაავტორები: ნოდარ ლომიძე, ზარა ბაღდასარიანი, ანდრო კაჭარავა, გოგი მაჭარაშვილი, დავით მჭედლიშვილი, მიხეილ ნიორაძე, დავით ჭილაძე
საკვანძო სიტყვები: სპინი, ელექტრული დიპოლური მომენტი, ნუკლონი, დეიტრონი, დრეკადი გაბნევა
ანოტაცია:
მზარდი ინტერესი ფუნდამენტური ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის (ედმ) ექსპერიმენტული კვლევისადმი გამოწვეულია იმით, რომ მისი არანულოვანი მნიშვნელობა პირდაპირი დადასტურებაა ე.წ. CP-ინვარიანტობის დარღვევისა, რაც თავის მხრივ, ერთერთი აუცილებელი პირობაა დაკვირვებად სამყაროში არსებული ბარიონ-ანტიბარიონული ასიმეტრიის ასახსნელად. მართალია, სტანდარტული მოდელი უშვებს ასეთ დარღვევას, მაგრამ იგი იმდენად მცირეა, რომ საჭიროა დარღვევის ახალი, შედარებით ძლიერი წყაროს ძიება. ასეთ მინიშნებად შეიძლება გამოდგეს სწორედ ფუნდამენტური ნაწილაკების პერმანენტული არანულოვანი ედმ-ის არსებობა. ამ მიზნით გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრის COSY ამაჩქარებელზე დაგეგმილია ექსპერიმენტების ჩატარება. მოხსენებაში განხილულია ძირითადის წინმსწრები ექსპერიმენტის ზოგიერთი შედეგი. კერძოდ, დეიტრონის ედმ-ის მიმართ ექსპერიმენტის მგრძნობიარობის 10^{-29} e.cm დონის მისაღწევად აუცილებელია გამოყენებული იქნას მაღალი დაძაბულობის (17 MV/m) მქონე ერთგვაროვანი რადიალური ელექტრული ველი, ხოლო სპინური კოჰერენტულობის დრო (სკდ) იყოს არანაკლებ 1000 წამისა. შესწავლილია უკვე არსებული და მოქმედ მდგომარეობაში მყოფი COSY ამაჩქარებლის ის პარამეტრები, რომლებიც გავლენას ახდენენ სკდ-ის ფორმირებაზე. დადგინდა, რომ ამაჩქარებლის არაწრფივ უბნებში უმჯობესია გამოყენებული იქნას სექსტუპოლური მაგნიტები, ხოლო ნაკადი იყოს ბანჩირებული. კვლევების შედეგად სკდ-თვის ჯერჯერობით მიღწეულია მხოლოდ 400 წმ, რაც მნიშვნელოვან პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება. რაც შეეხება NN გაბნევის ამპლიტუდის ყოფაქცევის ექსპერიმენტულ კვლევას საშუალო ენერგიებზე, მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბირთვული ძალების ბუნებისა და ზოგადად ძლიერი ურთიერთქმედების შესწავლაში, რადგან ამ ექსპერიმენტულ მონაცემებზეა დაფუძნებული მეზონების დაბადებისა და სხვა ბირთვული რეაქციების აღმწერი მოდელები. ე.წ. პარციალურ-ტალღური ანალიზი (PVA), რომელიც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ გაბნევის ამპლიტუდა საჭიროებს ზუსტად გაზომილ დამზერად სიდიდეთა მაქსიმალურად სრულ კრებულს. მოხსენებაში მოყვანილია ერთმაგად პოლარიზებულ pp დრეკადი გაბნევის ANKE/COSY ექსპერიმენტებში დიფერენციალური კვეთისა და ანალიზირების უნარის გაზომვის წინასწარი შედეგები სხვადასხვა ენერგიებზე. ამ მონაცემებმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს NN პარციალურ-ტალღურ ანალიზში.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია GE [ka]პრეზენტაცია [ka]
ანოტაცია EN [en]