ავტორიზაცია
თანამედროვე ზეგამტარი და მაგნიტური ნივთიერებების სწრაფი სინთეზის ახალი მეთოდი
ავტორი: ალექსანდრე შენგელაიათანაავტორები: დ. დარასელია, დ. ჯაფარიძე, ზ. ჯიბუტი
ანოტაცია:
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ახალი მასალა იყო აღმოჩენილი, როგორიცაა მაღალტემპერატურული ზეგამტარები, კოლოსალური მაგნიტოწინაღობის მქონე მასალები, ნანომაგნიტები და მაგნიტური ნახევარგამტარები. ეს მასალები ძალიან პერსპექტიულია მომავლის ტექნოლოგიებისთვის და მათ გააჩნიათ დიდი გამოყენებითი პოტენციალი. დღეისთვის ეს მასალები მიიღებიან მყარსხეულოვანი რეაქციის მეშვეობით. ეს მეთოდი გულისხმობს საწყისი მასალების ფხვნილების ნარევის ხანგრძლივ (ათეული ან ასეული საათები) გაცხელებას ღუმელში მაღალ (800º-1200ºC) ტემპერატურებზე. ეს პროცესი მოითხოვს დროის და ენერგიის დიდ დანახარჯს, რაც ზრდის ნივთიერების ღირებულებას. აქედან გამომდინარე მსოფლიოში დიდი ძალისხმევაა მიმართული ისეთი ტექნოლოგიის შესამუშავებლად, რომელიც მყარსხეულოვანი რეაქციის უფრო მოკლე დროში და უფრო დაბალ ტემპერატურაზე ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ჯგუფში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოჩენილ იქნა და განვითარდა თანამედროვე ზეგამტარი და მაგნიტური მასალების სწრაფი სინთეზის ახალი ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიას ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქცია ვუწოდეთ. ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქციის არსი მდგომარეობს საწყისი ნივთიერებების ნარევის სინათლის მძლავრი ნაკადით დასხივებაში, ფართო სპექტრალურ დიაპაზონში ინფრაწითელიდან ულტრაიისფერამდე, ისეთი ინტენსივობით, რომელიც საკმარისია მყარსხეულოვანი რეაქციის აღსაძვრელად ფხვნილოვან ნარევში შემავალ ატომებს შორის. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ რეაქციის სიჩქარე დაახლოებით ორი რიგით აჭარბებს ჩვეულებრივი თერმული მყარსხეულოვანი რეაქციის სიჩქარეს. ეს გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ზეგამტარი და მაგნიტური მასალები საათების ნაცვლად წამების განმავლობაში.
მიმაგრებული ფაილები:
Shengelaya-ENG [ka]Shengelaya-GEO [ka]