ავტორიზაცია
ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერების დაყოფის თავისებურებების შესწავლა პოლისაქარიდული ქირალური სვეტების გამოყენებით
ავტორი: მარინა ქარჩხაძეთანაავტორები: ლალი ჭანკვეტაძე, ანტონინა მსხილაძე, იზაბელა გიუაშვილი, ნინო თაყაიშვილი, ნატალია ოკუჯავა, ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: სითხური ქრომატოგრაფია, პოლისაქარიდული ქირალური სვეტები, ენანტიომერების დაყოფა, ენანტიომერების ელუირების რიგი, ქირალური ბეტა-ბლოკატორები
ანოტაცია:
ბეტა-ბლოკატორები ფუძე ბუნების ქირალური ნივთიერებებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამკურნალო პრაქტიკაში გულის უკმარისობის დროს. ბეტა–ბლოკატორების თერაპიული მოქმედება განპირობებულია მხოლოდ ერთ–ერთი ენანტიომერით. ამის გამო, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ ენანტიომერულ სისუფთავეს. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერების დაყოფის შესაძლებლობის კვლევა პოლისაქარიდულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებზე სხვადასხვა ელუენტის გამოყენებით. შესწავლილია 28 ბეტა-ბლოკატორის ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდულ ქირალურ სვეტებზე, მოძრავ ფაზად სხვადასხვა თანაფარდობით ჰექსან-იზოპროპანოლის ნარევის გამოყენებისას ფუძე ბუნების დანამატის - დიეთილამინის თანაობისას. დადგენილია ქრომატოგრაფიული სვეტის ბუნების, მოძრავი ფაზის შედგენილობისა და ტემპერატურის გავლენა ენანტიომერების დაყოფასა და ელუირების რიგზე. ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ელუირების რიგის ცვლილებას. კერძოდ, სოტალოლის ელუირების რიგი შებრუნებულია ცელულოზა–1 და ამილოზა–2 სვეტებზე. ანალოგიური სურათი მიიღება პენბუტოლოლისა და ტიმოლოლის შემთხვევაში ორ ცელულოზურ – ცელულოზა-1 და ცელულოზა-2 ქირალურ სვეტებზე, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ჩამნაცვლებლების ბუნებითა და განლაგებით. ბუპრანოლოლის შემთხვევაში ცელულოზა-1 სვეტზე ელუენტის შედგენილობის შეცვლა იწვევს რიგის შებრუნებას. ცელულოზა-1 სვეტზე ბუპრანოლოლის ელუირების რიგი იცვლება ელუენტში იზოპროპანოლის მოცულობითი წილის შემცირებით.